იურიდიული დოკუმენტი
ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲮᲘᲡ ᲓᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ
როგორ იხდით, როდის ჩამოიჭრება თანხა, როგორ არის დაცული ბარათი, როგორ გააუქმოთ გამოწერა და რა შემთხვევაში დაგიბრუნდებათ თანხა.
ბოლო განახლება:
1. ზოგადი დებულებები
ეს პირობები წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია და ვრცელდება მარტივოს ყველა ფასიან პაკეტზე. გადახდის მიმღებია ინდივიდუალური მეწარმე თორნიკე კარიჭაშვილი (საიდენტიფიკაციო ნომერი 59001121663), რომელიც საქმიანობას ახორციელებს „მარტივოს“ სახელით.
მომსახურება ციფრულია და ონლაინ მიეწოდება - ფიზიკური მიწოდება არ ხორციელდება. პაკეტი გადახდის ან ბარათის დადასტურების დასრულებისთანავე აქტიურდება და ეს მაშინვე ჩანს დაშბორდში.
ყველა თარიღი და ვადა თბილისის დროით (GMT+4) აითვლება.
2. გადახდის საშუალებები
გადახდა სს „საქართველოს ბანკის“ ონლაინ გადახდების სისტემით ხორციელდება. შეგიძლიათ გადაიხადოთ:
- Visa და Mastercard ბარათით - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ გაცემულით;
- Apple Pay-ით - iPhone-ზე, iPad-ზე, Mac-ზე და Safari ბრაუზერში;
- Google Pay-ით - Android მოწყობილობებზე და მხარდაჭერილ ბრაუზერებში.
Apple Pay-ისა და Google Pay-ის ღილაკი გადახდის გვერდზე მაშინ ჩნდება, როცა თქვენი მოწყობილობა და ბრაუზერი მათ მხარს უჭერს. ფასი და ჩამოჭრა ლარშია (GEL); თუ ბარათი სხვა ვალუტაშია, კონვერტაციას თქვენი ბანკი საკუთარი კურსითა და პირობებით ახორციელებს.
3. ბარათის მონაცემების უსაფრთხოება
- ბარათის მონაცემებს მხოლოდ საქართველოს ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე შეიყვანთ. ჩვენს ვებგვერდზე ისინი არ შეგყავთ და ჩვენამდე არ აღწევს.
- ბარათის სრულ ნომერს და უსაფრთხოების კოდს (CVV/CVC) ვერც ვხედავთ და ვერც ვინახავთ. ჩვენთან ინახება მხოლოდ ბარათის ნიღბიანი ნომერი (ბოლო ოთხი ციფრი), ბარათის ტიპი და მოქმედების ვადა - რომ დაშბორდში და ინვოისზე იცნოთ, რომელი ბარათია მიბმული.
- ბარათის მონაცემებს ბანკი ამუშავებს და ინახავს - საგადახდო ბარათების ინდუსტრიის უსაფრთხოების სტანდარტის (PCI DSS) შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში გადახდა დამატებით 3D Secure-ით დასტურდება, მაგალითად, ბანკიდან მიღებული კოდით.
4. გამოწერა და ავტომატური განახლება
პაკეტის შეძენისას გადახდის პერიოდს ირჩევთ - თვიურს ან წლიურს. საფასური წინასწარ, მთელი პერიოდისთვის იხდება: თვიურზე - ერთი თვისთვის, წლიურზე - თორმეტი თვისთვის ერთად.
პირველი გადახდისას ბარათი ბანკში ინახება მომდევნო ავტომატური გადახდებისთვის. გადახდის გვერდზე ღილაკის დაჭერით თანხმობას გვაძლევთ, რომ ყოველი პერიოდის დასაწყისში დამახსოვრებული ბარათიდან ავტომატურად ჩამოვჭრათ გამოწერის საფასური - გადახდის გვერდზე მითითებული თანხით - სანამ გამოწერას არ გააუქმებთ.
- ჩამოჭრის დღე პირველი გადახდის კალენდარული რიცხვია. თუ თვეში ასეთი რიცხვი არ არის (მაგალითად, 31), თანხა თვის ბოლო დღეს ჩამოიჭრება.
- ყოველ ჩამოჭრამდე ერთი დღით ადრე ელფოსტით შეგახსენებთ თარიღსა და თანხას.
- ყოველი წარმატებული ჩამოჭრის შემდეგ ელფოსტით მიიღებთ ინვოისს (PDF).
- თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოწერის გაუქმებით (იხ. მე-8 პუნქტი).
5. უფასო საცდელი პერიოდი
- საცდელი პერიოდი 7 დღეა და ერთხელ ეძლევა ერთ პირს (ელფოსტის მისამართს). ანგარიშის წაშლა და ხელახლა რეგისტრაცია მას არ აღადგენს.
- საცდელის დასაწყებად ბარათს ამატებთ. მის შესამოწმებლად ბანკი პაკეტის საფასურის ოდენობის თანხას დროებით ბლოკავს და ბლოკს მაშინვე ხსნის - თანხა არ ჩამოიჭრება. ზოგიერთ ბანკში ბლოკის მოხსნის ამონაწერში ასახვას რამდენიმე სამუშაო დღე სჭირდება.
- საცდელ პერიოდში პაკეტის ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომია, მათ შორის საიტის გამოქვეყნება.
- პირველი ჩამოჭრა საცდელის დაწყებიდან 7 დღის შემდეგ ხდება - ზუსტი თარიღი და თანხა მითითებულია გადახდის გვერდზე და საცდელის დაწყების წერილში. თუ მანამდე გააუქმებთ, თანხა არ ჩამოიჭრება.
6. პაკეტის, პერიოდის ან ბარათის შეცვლა
- საცდელ პერიოდში ახალი პაკეტი ან პერიოდი მაშინვე შედის ძალაში; საცდელის დასრულების თარიღი არ იცვლება.
- გადახდილ პერიოდში ცვლილება მომდევნო ჩამოჭრიდან შედის ძალაში: მიმდინარე პერიოდი ძველი პირობებით სრულდება, ახალი ფასი კი შემდეგ ჩამოჭრაზე გამოიყენება. პროპორციული დამატებითი გადახდა ან დაბრუნება არ ხდება.
- ცვლილების ან ახალი ბარათის დასადასტურებლად ბანკი ბარათზე თანხას დროებით ბლოკავს და მაშინვე ხსნის. ახალი ბარათის დამატებისას ძველი ბარათი ბანკშიც იშლება.
7. წარუმატებელი გადახდა
- თუ ჩამოჭრის დღეს თანხა ვერ ჩამოიჭრა (მაგალითად, ბარათზე საკმარისი თანხა არ არის ან ბარათს ვადა გაუვიდა), ელფოსტით გაცნობებთ და მეორე დღეს ავტომატურად კიდევ ერთხელ ვცდით.
- ამ დროს ბარათის შეცვლა ან გადახდა დაშბორდიდან ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ.
- თუ მეორე ცდაც წარუმატებელია, საიტი საჯარო წვდომიდან ითიშება ჩამოჭრის დღის მომდევნო დღის დასრულებისას. ანგარიში და მონაცემები არ იშლება - გადახდისთანავე ყველაფერი აღდგება.
8. გამოწერის გაუქმება
- გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაშბორდის „გადახდების“ გვერდიდან - ზარისა და წერილის გარეშე.
- გაუქმებისთანავე დამახსოვრებული ბარათი ბანკშიც იშლება და მომდევნო ჩამოჭრები აღარ ხდება.
- პაკეტი აქტიური რჩება უკვე გადახდილი ან საცდელი პერიოდის ბოლომდე; ამის შემდეგ საიტი საჯარო წვდომიდან ითიშება. ანგარიში და მონაცემები შენარჩუნდება.
- გამოწერის განახლება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ - ახალი გადახდით, იმავე გვერდიდან.
- გაუქმება მიმდინარე პერიოდის თანხის დაბრუნებას არ იწვევს, გარდა მე-9 პუნქტში აღწერილი შემთხვევებისა.
9. თანხის დაბრუნება
მომსახურება ციფრულია და გადახდისთანავე მიეწოდება, ამიტომ მიმდინარე პერიოდისთვის გადახდილი თანხა, გამოუყენებელი დღეების ჩათვლით, როგორც წესი, არ ბრუნდება. თანხა დაგიბრუნდებათ, თუ:
- თანხა ორჯერ ან ტექნიკური შეცდომით ჩამოიჭრა - სრულად;
- ჩამოჭრილი თანხა განსხვავდება გადახდის გვერდზე ან შეხსენების წერილში მითითებულისგან - სხვაობა;
- თანხა გამოწერის დროულად გაუქმების შემდეგ ჩამოიჭრა - სრულად;
- ჩვენი ბრალით მომსახურება გადახდილი პერიოდის არსებით ნაწილში მიუწვდომელი იყო - მიუწვდომელი დღეების პროპორციულად.
დაბრუნების მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ მისამართზე info@martivo.ge ჩამოჭრიდან 30 დღის განმავლობაში - მიუთითეთ ინვოისის ნომერი და მიზეზი. მოთხოვნას განვიხილავთ და პასუხს არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა გაცნობებთ.
დამტკიცებული თანხა საქართველოს ბანკის მეშვეობით იმავე ბარათზე ან საშუალებაზე ბრუნდება, რომლითაც გადაიხადეთ. ბარათზე ასახვის ვადა ბარათის გამცემ ბანკზეა დამოკიდებული: როგორც წესი, ის რამდენიმე სამუშაო დღეა, თუმცა ზოგჯერ 30 დღემდე გრძელდება. თანხა ნაღდი ფულით ან სხვა ანგარიშზე არ ბრუნდება.
ბანკში გადახდის გასაჩივრებამდე (chargeback) გთხოვთ, ჯერ ჩვენ მოგვწეროთ - საკითხს, როგორც წესი, ასე უფრო სწრაფად მოვაგვარებთ.
10. ინვოისი
- ყოველი წარმატებული გადახდის შემდეგ ინვოისი (PDF) ელფოსტით მოგივათ, ასევე ხელმისაწვდომია დაშბორდის „გადახდების“ გვერდზე ჩამოსატვირთად.
- ინვოისზე მითითებულია გამყიდველის რეკვიზიტები, პაკეტი, საანგარიშო პერიოდი, თანხა და გადახდის საშუალება.
- ბარათის შემოწმებისას დროებით დაბლოკილ თანხაზე ინვოისი არ გაიცემა - ის არ ჩამოჭრილა.
11. ფასის ცვლილება
მოქმედი ფასები ყოველთვის ფასების გვერდზეა მითითებული. ფასის ცვლილება ახალ გამოწერებზე ვრცელდება და უკვე აქტიური გამოწერის ფასს არ ცვლის. თუ აქტიური გამოწერის ფასის შეცვლა გახდება საჭირო, ელფოსტით გაცნობებთ არანაკლებ 30 დღით ადრე - და თუ არ ეთანხმებით, მანამდე შეძლებთ გამოწერის გაუქმებას.
12. კითხვები გადახდაზე
გადახდასთან დაკავშირებით მოგვწერეთ: info@martivo.ge. ბარათთან ან ბანკის ამონაწერთან დაკავშირებულ საკითხზე შეგიძლიათ ბარათის გამცემ ბანკსაც მიმართოთ.
ᲙᲘᲗᲮᲕᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲐᲛ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲖᲔ?
დაგვიკავშირდით - ნებისმიერ პუნქტს განვმარტავთ.