მარტივო

იურიდიული დოკუმენტი

ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲗᲐ ᲓᲐᲛᲣᲨᲐᲕᲔᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

როცა თქვენს საიტზე მომხმარებელი ჯავშანს აკეთებს, მისი მონაცემები თქვენია. ეს დოკუმენტი ადგენს, რას ვაკეთებთ ჩვენ მათთან თქვენი დავალებით.

ბოლო განახლება:

1. მხარეები და როლები

ეს პირობები მოქმედებს თქვენსა - ბიზნესს, რომელსაც მარტივოზე ანგარიში აქვს - და ინდივიდუალური მეწარმე თორნიკე კარიჭაშვილი (საიდენტიფიკაციო ნომერი 59001121663) შორის, რომელიც საქმიანობას ახორციელებს „მარტივოს“ სახელით, და წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.

თქვენ ხართ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი: თქვენ წყვეტთ, რა მიზნით და როგორ მუშავდება თქვენი კლიენტების მონაცემები. ჩვენ ვართ დამმუშავებელი: ვმოქმედებთ თქვენი დავალებით და თქვენს მონაცემებს საკუთარი მიზნებისთვის არ ვიყენებთ.

თქვენს დავალებად ითვლება ის, რასაც პლატფორმაზე აკეთებთ - ჯავშნის მიღება, შეტყობინების გაგზავნა, მომხმარებლის ბაზაში დამატება. ცალკე წერილობითი ინსტრუქცია საჭირო არ არის.

2. რას ვამუშავებთ და რამდენ ხანს

საკითხიშინაარსი
დამუშავების საგანიონლაინ ჯავშნის მიღება და მართვა თქვენი ბიზნესისთვის
ხანგრძლივობასანამ თქვენი ანგარიში არსებობს
მონაცემთა სუბიექტებითქვენი მომხმარებლები, რომლებიც საიტიდან ჯავშნიან ან რომლებსაც ხელით ჩაწერთ
მონაცემთა კატეგორიებისახელი, ტელეფონის ნომერი, ელფოსტა, ვიზიტის თარიღი და სერვისი, მომხმარებლის კომენტარი, თქვენი შიდა ჩანაწერი, ვიზიტებისა და გაცდენების ისტორია
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემიპლატფორმა ასეთი მონაცემებისთვის არ არის განკუთვნილი - იხ. §6

3. ჩვენი ვალდებულებები

  • ვამუშავებთ მხოლოდ თქვენი დავალებით და ამ პირობების ფარგლებში. თქვენს მომხმარებლებს ჩვენი სახელით არაფერს ვთავაზობთ.
  • ვიცავთ კონფიდენციალურობას: მონაცემებზე წვდომა აქვს მხოლოდ იმ პერსონალს, რომელსაც ის სამუშაოსთვის სჭირდება, კონფიდენციალურობის ვალდებულებით.
  • ვიღებთ უსაფრთხოების ზომებს: დაშიფრული კავშირი, ბიზნესების იზოლაცია, წვდომის კონტროლი, სარეზერვო ასლები.
  • გეხმარებით, როცა თქვენი კლიენტი მიმართავს: მონაცემების მოძიება და შესწორება დაშბორდიდანვე შეგიძლიათ, ექსპორტს ან წაშლას კი თქვენი მოთხოვნით შევასრულებთ.
  • თუ ჩვენი მხრიდან თქვენს მონაცემებთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ - ყველა იმ ფაქტით, რაც იმ მომენტისთვის გვეცოდინება.

4. ქვე-დამმუშავებლები

პლატფორმის მუშაობისთვის ვიყენებთ შემდეგ სერვისებს, რაზეც თქვენ თანხმობას აცხადებთ:

სერვისიროლიმდებარეობა
Vercelაპლიკაციის ჰოსტინგიევროკავშირი (ფრანკფურტი)
DigitalOceanმონაცემთა ბაზა და ფაილების საცავიევროკავშირი
Resendელფოსტის მიწოდებაევროკავშირი
uBillSMS-ის მიწოდებასაქართველო

ახალი ქვე-დამმუშავებლის დამატებამდე ან არსებულის შეცვლამდე მინიმუმ 30 დღით ადრე გაცნობებთ ელფოსტით. თუ არ ეთანხმებით, ამ ვადაში ანგარიშის დახურვა შეგიძლიათ.

5. თქვენი ვალდებულებები

  • თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, რომ მონაცემების შეგროვებას კანონიერი საფუძველი ჰქონდეს.
  • თქვენ ატყობინებთ თქვენს მომხმარებელს, ვინ ხართ, რას ინახავთ და რამდენ ხანს. ამას თქვენ ნაცვლად ვერ გავაკეთებთ, რადგან თქვენს მომხმარებელთან ურთიერთობა არ გვაქვს.
  • შიდა ჩანაწერში მხოლოდ ის შეიტანეთ, რაც სამუშაოსთვის ნამდვილად გჭირდებათ. ეს ველი თავისუფალი ტექსტია და მას არ ვამოწმებთ.
  • მონაცემების სიზუსტე თქვენი პასუხისმგებლობაა.

6. ჯანმრთელობისა და სხვა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები

პლატფორმა ჯავშნის სისტემაა და არა სამედიცინო ჩანაწერების სისტემა. დიაგნოზი, მკურნალობის ისტორია და ანალიზები აქ არ უნდა ინახებოდეს - არც შიდა ჩანაწერში და არც მომხმარებლის კომენტარში.

თუ თქვენი სფერო ასეთ მონაცემებს მოითხოვს, მათ ცალკე, ამ მიზნით განკუთვნილ სისტემაში უნდა ინახავდეთ. ამ წესის დარღვევით შეტანილ მონაცემებზე პასუხისმგებლობა თქვენზეა.

7. ინფორმაცია და შემოწმება

მოთხოვნისას მოგაწვდით ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმის დასადასტურებლად, რომ ამ პირობებს ვასრულებთ. შემოწმება ტარდება წინასწარი შეთანხმებით, სამუშაო საათებში და ისე, რომ სხვა ბიზნესების მონაცემები არ გამჟღავნდეს.

8. მონაცემების დაბრუნება და წაშლა

ანგარიშის წაშლის მოთხოვნამდე შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი კლიენტების მონაცემების ექსპორტი. ანგარიშს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 დღისა წავშლით, მონაცემებს კი სარეზერვო ასლებიდან - მათი შენახვის ციკლის დასრულებისას.

გამონაკლისია მხოლოდ ის, რისი შენახვაც კანონით გვევალება - მაგალითად, ბუღალტრული ჩანაწერები.

9. ხანგრძლივობა და უპირატესობა

ეს პირობები მოქმედებს მანამ, სანამ თქვენი კლიენტების მონაცემებს ვამუშავებთ. თუ პერსონალურ მონაცემებზე ეს დოკუმენტი და წესები და პირობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ამ დოკუმენტს აქვს.

10. კონტაქტი

მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი: privacy@martivo.ge.

ᲙᲘᲗᲮᲕᲐ ᲒᲐᲥᲕᲗ ᲐᲛ ᲓᲝᲙᲣᲛᲔᲜᲢᲖᲔ?

დაგვიკავშირდით - ნებისმიერ პუნქტს განვმარტავთ.

მოგვწერეთ